ფაკულტეტის ისტორია
1996 წელს ქ.ბათუმში გაიხსნა მემედ აბაშიძის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტი, რომლის ერთ-ერთი მიმართულება გახლდათ მუსიკის ფაკულტეტი. თავის მხრივ, მუსიკის ფაკულტეტში შედიოდა საფორტეპიანო, საორკესტრო, ვოკალური, საგუნდო-სადირიჟორო და თეორიული კათედრები.
1998 წელს მუსიკის ფაკულტეტი გამოეყო ხელოვნების ინსტიტუტს, ჩამოყალიბდა ცალკე სტრუქტურულ ერთეულად და ეწოდა ქ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №137 დადგენილების საფუძველზე იგი გაერთიანდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტის კონსერვატორიის სტატუსით. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილების საფუძველზე ხელოვნების ფაკულტეტის კონსერვატორიის ბაზაზე შეიქმნა მუსიკის ფაკულტეტი.
ფაკულტეტი აერთიანებს 3 დეპარტამენტს: კლავიშიან საკრავთა, აკადემიური სიმღერის და სამუსიკო პედაგოგიკის, მუსიკის თეორიის, საორკესტრო და აკადემიური გუნდის დირიჟორობის დეპარტამენტებს.
დღეისათვის მუსიკის ფაკულტეტი ახორციელებს შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. კერძოდ: ბაკალავრიატი - საფორტეპიანო, საორკესტრო-სიმებიანი, საორკესტრო-სასულე, აკადემიური სიმღერა, აკადემიური დირიჟორობა, მუსიკის თეორია. ასევე. 2010 წლიდან მოქმედებს სამაგისტრო პროგრამები: საფორტეპიანო, აკადემიური სიმღერა, ეთნომუსიკოლოგია. აღნიშნული პროგრამები ეროვნული განათლების ტრადიციებზე დაყრდნობით ინტეგრირებულია ბოლონიის პროცესის თანამედროვე ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.
ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ბევრი მათგანი დღეისათვის წარმატებული მუსიკოსია და მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ: მარსელში, პარიზში, გერმანიაში, იტალიაში... მუსიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას დოქტორანტურაში.
მუსიკის ფაკულტეტზე სისტემატურად ტარდება სტუდენტთა როგორც სოლო კონცერტები, ასევე კონცერტები აჭარის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ჩვენი სტუდენტები აქტიურად და საკმაოდ წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში.