აზერბაიჯანის გენერალური კონსულის ვიზიტი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში

3 ოქტომბერი 2026 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში, ბატონი ფუად აზიზოვი, და ვიცე-კონსული, ქალბატონი მაჰბუბა ნამაზოვა, ეწვივნენ. სტუმრებს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა მამუკა ალაფიშვილმა, უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა უნივერსიტეტი დაათვალიერეს და გაეცნენ მის საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, მათ შორის, ერთობლივი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით გაცვლითი პროგრამების განვითარებაზე, შემოქმედებითი შეხვედრებისა და გამოფენების ორგანიზებაზე.
შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა თანამშრომლობის მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის, ხელოვნებისა და განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებაში აქტიური როლი შეასრულოს.





