ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში „სადიპლომო ფილმების კვირეული" გაიმართა

15 ივნისი 2026 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში 11–15 ივნისს, უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაიმართა „სადიპლომო ფილმების კვირეული“, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო აუდიოვიზუალური ხელოვნების მიმართულების კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრები. პროექტი განხორციელდა სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის (აუდიოვიზუალური ხელოვნება) ინიციატივით. იდეის ავტორები და ორგანიზატორები არიან უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორები ირაკლი კიკვაძე და გია დიასამიძე, ასევე მოწვეული პედაგოგი მირიან ორაგველიძე.
კვირეულის პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა წლებში შექმნილ სადიპლომო ფილმებს, რომლებიც ასახავს კურსდამთავრებულთა შემოქმედებით ხედვასა და პროფესიულ განვითარებას. ჩვენებების შემდეგ გაიმართა დისკუსიები, რაც დამსწრეებს შესაძლებლობას აძლევდა გაცნობოდნენ ახალგაზრდა ავტორების შემოქმედებით ძიებებსა და პროფესიულ მიღწევებს.
პროექტის მიზანი იყო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შემოქმედებითი მემკვიდრეობის წარმოჩენა, მათი ნამუშევრების ხელახალი წარდგენა ფართო აუდიტორიისთვის და უნივერსიტეტის როლის ხაზგასმა ქართული კინოსა და აუდიოვიზუალური ხელოვნების განვითარებაში.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და კინოხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოება.
„სადიპლომო ფილმების კვირეული“ წელს პირველად გაიმართა და მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა ახალ ტრადიციას, რომელიც მომავალშიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შემოქმედების პოპულარიზაციასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას.





