სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენცია

23 მაისი 2026 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტმა 23 მაისს უმასპინძლა სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენციას — „კულტურა და ხელოვნება თანამედროვე კონტექსტში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე საერთაშორისო მონაწილეებმა ყაზახეთიდან, სომხეთიდან, ლიეტუვიდან, ბულგარეთიდან და ალბანეთიდან. ღონისძიება გაიმართა ერთდღიან ფორმატში და ჩატარდა როგორც დასწრებული, ისე ონლაინ რეჟიმში. კონფერენციაზე მუშაობდა 7 თემატური სექცია. კონფერენციის მიზანი იყო კულტურისა და ხელოვნების თანამედროვე საკითხების განხილვა, მათ შორის სახვითი, თეატრალური, კინო და მუსიკალური ხელოვნების თანამედროვე ტენდენციების გაანალიზება, შემოქმედებითი პროცესების შეფასება და კულტურული პროცესების თანამედროვე კონტექსტში გააზრება. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურის მართვის თანამედროვე მეთოდებს, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საკითხებს, ასევე ქართული ხელოვნების ისტორიული მიღწევების საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენას. კონფერენცია ემსახურებოდა ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა მკვლევრებისა და შემოქმედების თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას და ახალი საერთაშორისო კავშირების განვითარებას. ღონისძიება მიეძღვნა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს და დაფინანსდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ. კონფერენციის მუსიკალური გაფორმებისთვის მადლობას ვუხდით ბათუმის კულტურის ცენტრის სიმებიან კვარტეტს. ეს კონფერენცია წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა მკვლევრებსა და შემოქმედებს და ქმნის სივრცეს ცოდნის გაზიარებისა და ახალი თანამშრომლობების განვითარებისთვის კულტურისა და ხელოვნების თანამედროვე პროცესებში.





