Erasmus+ საერთაშორისო პერსონალის კვირეული: შემოქმედება, ინოვაცია და აკადემიური თანამშრომლობა

2 მაისი 2026 წელი
2026 წლის 19–30 აპრილს, კაროლი ესთერჰაზის კათოლიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქ. ეგერში (უნგრეთი), გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამა.
პროგრამაში მონაწილეობდნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ხათუნა მანაგაძე და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი სალომე ჩიკაშუა.
საერთაშორისო პერსონალის კვირეულის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა თემაზე „World Creativity and Innovation“, ბხსუ-ს წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მრავალფეროვან აქტივობებში. პროგრამა მოიცავდა ინსტიტუციურ პრეზენტაციებს, საერთაშორისო პარტნიორთა მრგვალი მაგიდის დისკუსიებს, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას, კულტურულ და საგანმანათლებლო შეხვედრებს, ასევე პროფესიული ქსელური კომუნიკაციის შესაძლებლობებს.
აღნიშნული მობილობა ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო კავშირების გაფართოებას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში.





