ხელოვნება გვაერთიანებს - ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საახალწლო კონცერტი

24 დეკემბერი 2025 წელი
როცა ხელოვნება ერთ სივრცეში აერთიანებს ადამიანებს, იბადება ნამდვილი დღესასწაული…ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში წინა საახალწლო კონცერტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს შემოქმედების, ერთსულოვნებისა და სიყვარულის ენერგია. მუსიკა, სცენა, მოძრაობა და ემოცია ერთ მთლიანობად შეიკრა და უნივერსიტეტის სივრცე ნამდვილ საახალწლო ზღაპრად აქცია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი მამუკა ალაფიშვილი მიესალმა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ერთიან ძალისხმევაზე, რომელიც მსგავსი ღონისძიებების წარმატების საფუძველია — სტუდენტების ჩართულობა, თანამშრომლობა და ერთმანეთის მხარდაჭერა. კონცერტს ესწრებოდნენ: თათია გორგილაძე — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; მიხეილ კოპლატაძე — აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; თეო ზოიძე — აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი; ქალაქის კულტურის სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელები; კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორ-მასწავლებლები, ჩვენი თანაქალაქელები და ხელოვნების გულშემატკივრები — ადამიანები, რომლებმაც ეს საღამო კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადეს. სცენაზე ერთმანეთის გვერდით იდგნენ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც თავიანთი ნიჭითა და თავდადებით დაამტკიცეს, რომ ხელოვნება არის უნივერსალური ენა, რომელიც გულებს აერთიანებს. განსაკუთრებული მადლობა საახალწლო კონცერტის რეჟისორს, ბატონ გოჩა კაპანაძეს, პროფესიონალიზმისა და შთამაგონებელი ხედვისთვის, ასევე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბალეტის სკოლას და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას — გულწრფელი კოლაბორაციისა და შემოქმედებითი ერთობისთვის.
უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტის სტუდენტს (მუსიკის; სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების; განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების), მათ ხელმძღვანელ ლექტორ-მასწავლებლებს; თვითმმართველობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მაღალი პასუხისმგებლობის, ერთსულოვნებისა და მაღალი ხარისხის ღონისძიების წარმოდგენისთვის.
ეს იყო საღამო, სადაც ხელოვნება საუბრობდა, ემოციები ცოცხლდებოდა და ახალი წელი სიყვარულით მოდიოდა… ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი გილოცავთ დამდეგ 2026 წელს — სითბოთი, შემოქმედებით შთაგონებითა და საუკეთესო სურვილებით!





