ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის უფროსკლასელებს

5 ნოემბერი 2025 წელი
2025 წლის 30 მაისს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტსა და წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტმა უმასპინძლა გიმნაზიის უფროსკლასელებს.მემორანდუმის მიზანია ახალგაზრდა თაობისთვის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესების უკეთ გაცნობა, რაც მომავალ სტუდენტებს საშუალებას აძლევს პრაქტიკაში გაეცნონ უნივერსიტეტის გარემოს, სწავლების სტილსა და მეთოდებს. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესწრონ სამსახიობო ოსტატობის, ვოკალისა და დიზაინის ფაკულტეტებზე მიმდინარე სალექციო პროცესებს და უშუალოდ კომუნიკაცია ჰქონოდათ სტუდენტებთან. აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაცია გახდა მათთვის, უნივერსიტეტთან შემდგომი თანამშრომლობისა და ინდივიდუალური ვიზიტების დაგეგმვის თვალსაზრისით „ღია კარის“ ფორმატის ფარგლებში. უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა მამუკა ალაფიშვილმა, სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის ძირითადი პრიორიტეტები — ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სწავლების თანამედროვე პირობების შექმნა და რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერება. მისი თქმით, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მისწრაფებაა, გახდეს აჭარის რეგიონში მაღალკვალიფიციური სახელოვნებო განათლების ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა სრულად განავითარონ საკუთარი ნიჭი და შემოქმედებითი უნარები. მსგავსი გაცნობითი შეხვედრები მომავალშიც იგეგმება როგორც ბათუმის, ასევე აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებთან, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტისა და სკოლების ურთიერთკავშირის გაღრმავებას. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე სტუდენტებსა და ლექტორებს — თამაზ ცერიაშვილს, ნინო დავითაშვილს, ნანა კუპრაძეს, კონცერტმაისტერ ნინო ნიშნიანიძეს, უნივერსიტეტის გუნდს და ქორმაისტერ ლელა დოლიძეს — გაწეული მასპინძლობისა და აქტიური ჩართულობისთვის.





