სულიკო ჟღენტი - 100

სურათი

20 ივნისი 2025 წელი

 სულიკო ჟღენტის  ცხოვრება და შემოქმედება უკავშირდება ქალაქ ბათუმს, სადაც დაიწყო მისი, როგორც მწერლისა და ჟურნალისტის  მოღვაწეობა.  მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული  სულიკო ჟღენტი მჭიდროდ თანამშრომლობდა  „საბჭოთა აჭარის“ რედაქციასთან, აქვეყნებდა  სტატიებსა და ნარკვევებს,   მოგვიანებით, 1960-იანი წლებში გამოიცა მისი  პირველი მოთხრობების კრებული „ზღვისპირეთის საღამოების“ და ისტორიული  რომანი „კიდევაც დაიზრდებიან“.

  1954 წელს  საკავშირო სახელმწიფო კინოს ინსტიტუტის დასრულების შემდეგ სულიკო ჟღენტი, როგორც სცენარისტი და რედაქტორი,  მუშაობდა  თბილისში, დოკუმეტური და ქრონიკალური ფილმების სტუდიაში;   მისი ავტორობით გადაღებულია დოკუმენტური  ფილმები: „სეინერები ზღვაში  გადიან“ (1959), რომელიც  ზღვაოსნობის ცნობილ კაპიტანს - ბათუმელ  გივი უკლებას მიეძღვნა, ასევე, „ადამიანი და ფოლადი“ (1960);  

სულიკო ჟღენტის  კინოსცენარებით გადაღებულმა ფილმებმა აღიარება და წარმატება მოუპოვა ქართულ კინოს და ზოგადად ქართულ  ხელოვნებას, განსაკუთრებით, ფილმმა „ჯარისკაცის მამა“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1964), რომელიც ნაწილობრივ, ავტობიოგრაფიულ მოტივებზეა აგებული.  ფილმმა, რომლის სცენარი ბათუმში დაიწერა და შეიქმნა,  არაერთი საერთშორისო პრემია და ჯილდო დაიმსახურა, უნდა აღინიშნოს, რომ  მისი დემონსტრირება მოეწყო 100-ზე მეტი ქვეყნის მსოფლიო კინოს ეკრანზე. 

 1960-იანი წლებიდან მოყოლებული,  სიცოცხლის ბოლომდე,   სულიკო ჟღენტი  აქტიურად თანამშრომლობდა  თბილისის კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“, რომლის ბაზაზე, მისი სცენარების მიხედვით გადაღებულ იქნა,   ყველა დროის   მაყურებლისთვის  პოპულარული  ფილმები: „ბურთი და მოედანი“, „ღიმილის ბიჭები“, „ნერგები“, „წუთისოფელი“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „რაჭა ჩემი სიყვარული“, „ცხოვრება დონ-კიხოტისა და სანჩოსი“,  „ყველა კომეტა როდი ქრება“, „ფესვები“  და სხვა.

 უნდა აღინიშნოს, რომ  1996 წლიდან  2000 წლამდე, სულიკო ჟღენტი  საპატიო პროფესორის სტატუსით მიწვეული გახლდათ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინოფაკულტეტზე, სადაც    იგი ლექციებს კითხულობდა  კინოდრამატურგიაში. 

სულიკო ჟღენტის გარდაცვალების შემდეგ ხელოვნების უნივერსიტეტში დაწესდა მისივე სახელობის სტიპენდია,  ხოლო, 2020 წელს, ამავე უნივერსიტეტში გაიხსნა სულიკო  ჟღენტის სახელობის აუდიტორია.

ამა წლის 25-26 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვე კონტექსტში,“ რომელიც გამოჩენილი კინოდრამატურგის დაბადებიდან 100 წლის  იუბილეს  მიეძღვნება.

 მნიშვნელოვანი და მისასალმებელი  ფაქტია, რომ სულ მალე   ბათუმში   გაიხსნება სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმი, რომლის პროექტის კონცეფცია ეკუთვნის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს -   ქ-ნ ოლიკო  ჟღენტს. 

  ბათუმის  სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმი, რომელსაც   სანახაობრივი  და ტურისტული  სეგმენტის გარდა საგანმანათლებო და შემეცნებითი  ფუნქციაც მიენიჭება,  აღჭურვილი იქნება  მრავალფეროვანი  ექსპოზიციის მქონე   საგამოფენო  და  თანამედროვე  ტიპის  კინოდარბაზებით, რითაც განსაკუთრებით მიმზიდველას გახდის ამ სივრცეს, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, პროფესორ-მასწავლებლებისთვის და მკვლევარებისთვის.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30