„მოგზაურობა ოპერის სამყაროში“
პროექტი „მოგზაურობა ოპერის სამყაროში“ უკვე მეორედ ჩატარდა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში. მისი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი ამავე სასწავლებლის მუსიკის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, პროფესორი ხათუნა მანაგაძეა, მხარდამჭერი - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროექტი შემოქმედებით თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე, მომიჯნავე უმაღლეს სასწავლებლებთან ითვალისწინებს. 2021 წელს ამ პროექტში თურქეთის, უკრაინის და იტალიის კონსერვატორიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჩატარდა მასტერ-კლასები აკადემიური სიმღერის სპეციალობის სტუდენტებისათვის. გაიმართა კლასიკური მუსიკის ერთობლივი კონცერტი ვოკალისტებისა და ინსტრუმენტალისტების მონაწილეობით. წელს ამავე პროექტის ფარგლებში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ ანტვერპენის სამეფო კონსერვატორიის პროფესორი გარი ალან იანკოვსკი, ნეაპოლის კონსერვატორიის პროფესორი მარია ლუიზა ბიგაი, ანტვერპენის, ნეაპოლისა და ვენეციის კონსერვატორიის სტუდენტები. ამ ჯერზე თანამშრომლობა ითვალისწინებდა გაეტანო დონიცეტის ოპერის „დონ პასკუალეს“ თეატრალიზებულ დადგმას, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. შეთანხმების მიხედვით, შემსრულებლები პარტიებზე დამოუკიდებლად მუშაობდნენ იტალიასა და ბელგიაში. მათი გაერთიანება ბათუმში, ერთობლივ რეპეტიციებზე ვოკალის პედაგოგის, პროფესორ თამაზ ცერიაშვილის რეჟისორ ოტარ ქათამაძის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. მთავარ პარტიებს ასრულებდნენ სტუდენტები - სალომე მახათელაშვილი, ირაკლი ჯინჭარაძე, გიორგი გორჯელაძე, ევანგელოს პაპაევსტათოუ(ბელგია), ჰაოშიან მა(იტალია), ანტონინო სპატარო (იტალია), ანთიმო დელ ომო(იტალია) აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა ბარიტონმა ოთარ ნაკაშიძემ. ასევე მონაწილებდა ხელოვნების უნივერსიტეტტან არსებული გუნდი, ხელმძღვანელი ლელა დოლიძე. კონცერტმაისტერები ნინო ნიშნიანიძე, რუსუდან კვახაძე. სპექტაკლში ჩართულები იყვნენ სამსახიობო სპეციალობის სტუდენტები დავით მამრიკიშვილი, ლევან თედორაძე, ლუკა ჭეიშვილი.
მხიარულმა და ლაღმა თეატრალიზებულმა წარმოდგენამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვანია სახელოვნებო საშემსრულებლო სპეციალობის ახალგაზრდებისათვის შემდგომი განვითარების, გამოცდილების დაგროვების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების თვალსაზრისით.