რექტორის მიმართვა

სურათი

30 სექტემბერი 2020 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს,  პრფესორ-მასწავლებლებს, თითოეულ თანამშრომელს ვულოცავთ  ახალ სასწავლო წელს
არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვირტუალური ფორმით გვიხდება სასწავლო წლის დაწყება. თუმცა, მჯერა, რომ სირთულეების მიუხედავად, შევძლებთ აკადემიური, კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სასწავლო პროგრამებით გათვლისწინებული შედეგების მიღწევას. თითოეული ლექტორის ძალისხმევა, არსებული გამოწვევების დაძლევის სურვილი, დისტანციური მუშაობის გამოცდილება, პროფესორ-მასწავლებელთა უდიდესი ენთუზიაზმი, საქმისადმი სიყვარული და პროფესიონალიზმი არის გარანტი იმისა, რომ შევძლებთ განვითარებასა  და წინსვლას.
ძვირფასო სტუდენტებო, იმედი მაქვს,  ჩვენი სამშობლო მალე წარმატებით გაუმკლავდება პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და უნივერსიტეტიც დაუბრუნდება ჩვეულ  ცხოვრებას - ისევ ახმაურდება აუდიტორიები, საკონცერტო დარბაზები, ისევ ვიხილავთ სტუდენტურ სპექტაკლებს, გამოფენებს, კინო-ტელე სეანსებს, სტუდენტურ პროექტებს, კონფერენციებს, ისევ გაათბობს თქვენი  მომღიმარი, გულანთებული სახეები უნივერსიტეტის დაცარიელებულ აუდიტორიებს. თითოეული თქვენგანს  ნიჭიერება და სიბეჯითე მოგცემთ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას აჩვენოთ თქვენი შემოქმედებითი მისწრაფებები, უნივერსიტეტის კედლებში შეძენილი ცოდნა და უნარები დაგეხმარებათ თქვენი ღვაწლი შეიტანოთ არა მარტო მარტო ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში, არამედ  მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში, ქართული  კულტურული ფასეულობების წარმოჩენასა და თქვენ პირად კარიერულ წინსვლაში.
განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს პირველკურსელებს, რადგან მათ ცხოვრების ახალი ეტაპი სწორედ  ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს დაუკავშირეს. რამდენიმე წელიწადში, მათი სახით, ჩვენი ქვეყნის, რეგიონის სამსახურში ჩადგებიან მუსიკოს-შემსრულებლები, მსახიობები, რეჟისორები,  დიზაინერები, არქიტექტორები, ხელოვნების ისტორიის მკვლევარები და პედაგოგები, კულტურისა და ხელოვნების მენეჯერები, ტელე-რადიო ჟურნალისტიკისა და კულტურული ტურიზმის პროფესიონალები. ვინ იცის, იქნებ ზოგიერთი მათგანი სახელოვნებო განათლების მეტად რთულ გზასაც დაადგეს და ამ კედლებში  მოღვაწეობის სურვილიც გაუჩნდეს.
წელს უნივერსიტეტი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ახალგაზრდა, სულ რაღაც ოცდახუთწლიანი ისტორიის მქონე უმაღლესი სასწავლებელი, თავისი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალით, წარმატებული კურსდამთავრებულებით, სწავლასმოწყურებული სტუდენტებით  ერთ ოჯახად იქცა. დიდი გამოწვევების მიუხედავად, იგი იკაფავს გზას, მიიწევს წინ, იზრდება, ვითარდება, და ნათელ კვალს ტოვებს საზოგადოებაში. ამ საქმეში კი დიდია თითოეული ჩვენგანის, პროფესორ-მასწავლებლის, სტუდენტის, კურსდამთავრებულის,  ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა წვლილი. მადლობას ვუხდი მათ ამ სიყვარულისა და  თანადგომისთვის.
იმედი მაქვს, ახალი სასწავლო წელი იქნება ახალი გამოცდილებების  შეძენის, დაბრკოლებათა გადალახვისა და  წარმატებების მომტანი  თითოეული ჩვენგანისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით, რექტორი, პროფესორი
მაია  ჭიჭილეიშვილი

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930