22 ივნისი - ცნობილი ქართველი დრამატურგის - სულიკო ჟღენტის დაბადების დღეა

სურათი

21 ივნისი 2020 წელი

      22 ივნისს გამოჩენილ ქართველ კინოდრამატურგს -  ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს,  მრავალი პრესტიჟული   პრემიისა და ჯილდოს ლარეატს,  ღირსების ორდენის კავალერს, ბათუმისა და ლევიცეს (სლოვაკეთი) საპატიო მოქალაქეს   - სულიკო ჟღენტს   დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდებოდა.

         1954 წელს  სულიკო ჟღენტმა  დაამთავრა  კინემატოგრაფიის  საკავშირო სახელმწიფო  ინსტიტუტის   სასცენარო ფაკულტეტი  (ევგენი  გაბრილოვიჩისა და ილია ვაისფელდის სახელოსნო); იმავე წელს  მუშაობა  დაიწყო თბილისის კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ  რედაქტორად, შემდეგ კინოსცენარისტად.   

         1958 წელს ბათუმში გამოიცა მისი მოთხრობების პირველი კრებული „ზღვისპირეთის საღამოები“, 1962 წელს მოთხრობების მეორე კრებული „კიდევაც დაიზრდებიან“; პერიოდულად ადგილობრივ პრესაში იბეჭდებოდა ს. ჟღენტის   სტატიები, რეპორტაჟები;

          ს. ჟღენტის  სცენარების მიხედვით გადაღებულია შემდეგი  ფილმებები: „ფოლადი და ადამიანი“ ( დოკუმენტური, რეჟ. ზ. კაკაბაძე, 1960);  „სეინერები ზღვაში გადიან“ (დოკუმენტური,  რეჟ. ო. გურგენიძე, 1961 წ.); „ჭიაკოკონა“ ( რეჟ. ი. ქავთარაძე, 1961);  „ბურთი და მოედანი“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 1961); „ჯარისკაცის მამა“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1964); „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (რეჟ. ყ. მგელაძე; 1969); „ღიმილის ბიჭები“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1969);  „წუთისოფელი“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1971); „ნერგები“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1972);  „ციმბირელი პაპა“ (რეჟ. გ. კალატოზიშვილი, 1973);  „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1977);  „ჩემი მეგობარი ძია ვანო“ (რეჟ. ვ. კვაჭაძე, 1978);  „მეცამეტე გოჭი“ ( რეჟ. რ. ჭარხალაშვილი, 1979); „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (რეზო ჩხეიძესთან ერთად,  რეჟ. რ. ჩხეიძე, 1980); „ყველა კომეტა როდი ქრება“ (რეჟ. დ. აბაშიძე, 1982);  „ახალი არკადია“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1986); „ფესვები“ (რეჟ. ყ. მგელაძე,  1987); „პლიაჟის ავაზაკი“ (რეჟ. ნ.  მჭედლიძე, 1987); „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ ( მარსიალ  სუარესთან  და რეზო ჩხეიძესთნ ერთად, რეჟ. რეზო ჩხეიძე, 1989); „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ (ანზორ ჯუღელთან, რეზო ჩხეიძესთან, ამირან დოლიძესთან ერთად;  რეჟ. რ. ჩხეიძე, 2008)

        განსაკუთრებული აღიარება და  საერთაშორისო წარმატება მას    მოუტანა ფილმმა „ჯარსიკაცის მამა.  მას 108 ქვეყნის  კინოთეატრებში უჩვენებდნენ.  

        აღსანიშნავია, რომ  1990-იან წლებში  სულიკო ჟღენტი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის  ხელოვნების უნივერსიტეტის კინოფაკულტეტზე, სადაც ის მიწვეული იყო საპატიო  პროფესორის    რანგში. მისი ხელმძღვანელობით ხელოვნების ინსტიტუტში  ამოქმედდა   კინოდრამატურგთა ჯგუფი, სადაც ის თავად  კითხულობდა ლექციებს. 

         სულიკო  ჟღენტი გარდაიცვალა 2000 წლის 3 თებერვალს, თბილისში. დაკრძალულია  დიდუბის  ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პანთონში.

         თბილისსა და ბათუმში  ქუჩას მინიჭებული აქვს ს. ჟღენტის სახელი. 

        2007 წელს ბათუმში დაიდგა  სულიკო ჟღენტის  ბიუსტი  (ავტ. მოქანდაკე ირაკლი ოჩიაური).

        2015 წლის ივნისში  ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში  დაარსდა სულიკო ჟღენტის სახელობის სტიპენდია.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930