ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი შენობის საზეიმო გახსნა

სურათი

9 სექტემბერი 2019 წელი

 ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი  შენობის საზეიმო  გახსნა

2019 წლის 9 სექტემბერს ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიულ მოდერნიზებულ შენობაში ბათუმის  ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი გაიხსნა. უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუმრები, შემოქმედებითი სფეროს მოღვაწეები.

         სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი. მან ისაუბრა უნივერსიტეტის როლზე, მის მნიშვნელობაზე ქვეყნის შემოქმედებითი განვითარებისათვის, წარმატებებზე, მის დღევანდელ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე. გამოთქვა დიდი სიხარული იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მუსიკის ფაკულტეტი, რომელიც წლებია სამუსიკო თერთმეტწლედის შენობაში იყო განთავსებული, გადმოვიდა ახალ შენობაში და უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი ერთიან სივრცეში განთავსდა. ვაჟა-ფშაველსა და ზ. გორგილაძის ქუჩების კვეთაში მდებარე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა ავთენტური ნაწილების დაცვით. უნივერსიტეტს გააჩნია თეატრის, მუსიკის, კინოსა და სახვითი ხელოვნების მიმართულებების შესაბამისი,  სასწავლო პროგრამებზე მორგებული გარემო - მცირე თეატრი, საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, სამონტაჟოები, სახელოსნოები, თანამედროვე ტექნიკითა და ახალი მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი აუდიტორიები.  რექტორმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რომელმაც შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისათვის და სასწავლო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვისათვის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყო 3 500 000 ლარი.  

         უნივერსიტეტს ახალმოსახლეობა მიულოცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ „ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არის ასეთი საგანმანათლებლო სივრცე და ასეთი ინფრასტრუქტურა. ეს, პირველ რიგში, თითოეული თქვენგანის დამსახურებაა. მე მიხარია, რომ ამ განახლებულ კამპუსში, ამ განახლებულ ინფრასტრუქტურაში ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი დაფასებული პედაგოგი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. იცით, რომ განათლებას ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას, განსაკუთრებულ რესურსს უთმობს და უკვე ძალიან მალე, 3 წელიწადში, ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს, ძალიან დიდ ნაწილს ანუ ბიუჯეტის 25 %-ს დავხარჯავთ განათლების სექტორზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყნის მომავალს ვაფუძნებთ განათლებაზე.“

ბატონმა თორნიკემ რიჟვაძემ საიუბილეო თარიღი მიულოცა უნივერსიტეტის პროფესორს, აჭარის დამსახურებულ არტისტს, ღირსების ორდენოსანს, ქალბატონ თამილა მეიშვილს. მან აღნიშნა მისი განსაკუთრებული ღვაწლი აჭარის თეატრის ისტორიაში, ხაზი გაუსვა მრავალწლიან პედაგოგიური მოღვაწეობას ხელოვნების უნივერსიტეტში. უსურვა მას წარმატებები შემოქმედებით და პედაგოგიურ საქმიანობაში.

შენობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ შედგა უნივერსიტეტის დიზაინის სპეციალობის კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშუშევრების ჩვენება, სტუმრებმა დაათვალიერეს შენობა, სასწავლო აუდიტორიები და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტს მომავალ საქმიანობაში.

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930