გარდაიცვალა ლევან მირცხულავა, ხელოვნების უნივერსიტეტის პირველი რექტორი
16 იანვარი 2013 წელი
გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ლევან მირცხულავა.
ლევან მირცხულავა დაიბადა 1934 წლის 15 აპრილს, ქ. თბილისში.
1957 წელს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჯერ დამდგმელ რეჟისორად, შემდეგ მთავარ რეჟისორად. პარალელურად, 1959 წლიდან ლ. მირცხულავა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო კათედრის ასისტენტია, 1961 წლიდან - უფროსი მასწავლებელი,1986 წლიდან - მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგე.
სხვადასხვა წლებში ლევან მირცხულავა, როგორც რეჟისორი, მოღვაწეობდა თბილისის კ.მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, თბილისის მოზარდმაყურებელთა რუსულ დრამატულ თეატრში, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში, ხოლო 1994 – 2000 წლებში იგი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
მაყურებლის დიდი მოწონებით სარგებლობდა ლ. მირცხულავას მიერ ბათუმის დრამატულ თეატრში დადგმული სპექტაკლები: გრ. რობაქიძის ,,ლამარა“, ჟან ანუის ,,ტოროლა“, გ. ერისთავის ,,გაყრა“.
ლ.მირცხულავამ მნიშვნელოვანი შემოქმედებითი გზა განვლო. განახორციელა 90-მდე სპექტაკლის დადგმა, მოამზადა 10 სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდა საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციებში. პარალელურად, ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას.
ლევან მირცხულავა ერთ-ერთი პირველი იდგა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სათავეებთან. 1995 წელს ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე იგი დაინიშნა რექტორად, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1998 წლამდე. რექტორად მუშაობის პერიოდში ლევან მირცხულავამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინსტიტუტის ორგანიზაციული, სტრუქტურული, აკადემიური და მატერიალურ - ტექნიკური პრობლემების გადასაწყვეტად. მისი რექტორობის პერიოდში ხელოვნების ინსტიტუტმა არამარტო ბათუმში, საქართველოში დაიმკვიდრა ერთ - ერთი მოწინავე უმაღლესი სახელოვნებო საგანმანთლებლო დაწესებულების ადგილი. იმავე პერიოდში ლევან მირცხულავა სათავეში ედგა დრამისა და რეჟისურის კათედრას. გამოშვებული ჰყავს არაერთი სამსახიობო და სარეჟისორო ჯგუფი. მისი ხელმძღვანელობით დადგმული სადიპლომო სპექტაკლები შევიდა ბათუმის დრამატული თეატრის რეპერტუარში.
ქართული თეატრალური ხელოვნების წინაშე დამსახურებისათვის ლევან მირცხულავას მინიჭებული ქონდა საქართველოს სახალხო არტისტის და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდებები. იყო მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.