უნივერსიტეტი ზაზა ხალვაშს ემშვიდობება

სურათი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი რეჟისორის, ბათუმის კინოსახელოსნოს დამფუძნებლის, უნივერსიტეტის პრორექტორის, პროფესორ  ზაზა ხალვაშის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს.

ზაზა ხალვაში წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტს, იყო კინო და ტელე რეჟისურის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი,  არაერთი ნიჭიერი ხელოვანის პედაგოგი. „ზაზა ხალვაშის სახელოსნო“, „ბათუმის კინოსკოლა“ - ასე  მოიხსენიებდნენ მის პედაგოგიურ მოღვაწობას სტუდენტები და კოლეგები.  

ზაზა ხალვაშმა ფილოლოგიური განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მიიღო.   კინოსარეჟისორო ხელოვნებას  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დაეუფლა  დიდი ქართველი რეჟისორების -  თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახლოსნოში.

ზაზა ხალვაშის სარეჟისორო მემკვიდრეობა  მოიცავს  გამორჩეულ კინოფილმებს  - „იქ ჩემთან“ (1990), „Miserere“ (1996) „სოლომონი“ (2015), „ნამე“ ( 2017), მოკლემატრაჟიან ფილმებს  -„ექო“ ( 1985), „ ჟამი“ (1982 ) „გრამატიკა დამწყები რეჟისორისათვის“ (2015) და ტელეფილმებს -„მგლების ხორუმი“(2003).   

ზაზა ხალვაში არაერთი  ჯილდოს მფლობელია. მას მიღებული აქვს  ჟიურის სპეციალური პრიზი ,,ვერცხლის ანტიგონე" მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე (1992 წელი), მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი „არსენალი" საუკეთესო რეჟისურისათვის, ჟიურის სპეციალური პრიზი მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ARRE“ (1994), ასევე პრიზები ბაბელსბერგის, მოსკოვის, პარიზის, რიგის, ბათუმის, ბერლინის საერთაშორისო კინოფორუმებზე. 2017 წელს ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა კინოფილმ „ნამეს“ ჩვენება. ზაზა ხალვაშის „ნამე“ 2018 წელს საქართველომ ოსკარზე  წარადგინა. 2015 წელს ზაზა ხალვაშის ინიციატივით ჩამოყალიბდა ბათუმელ კინორეჟისორთა  გაერთიანება - „ბათუმის ტალღა“.     

საზოგადოების პრობლემების  შესახებ  ზაზა ხალვაში თავისი ფილმებით საუბრობდა, ცდილობდა მიეცა ადამიანებისათვს ფიქრის საშუალება. ხელოვანი  მიგვანიშნებდა ოჯახური ურთიერთობების მსხვრევის  ტრაგიკულ შედეგებზე („იქ ჩემთან“), ამპარტავნების, ძალაუფლების   სურვილით შეპყრობილ,  მონსტრად  ჩამოყალიბებულ ადამიანზე („მიზერერე“), არარეალიზებული  ნიჭიერების  ტრაგედიაზე („სოლომონი“).  ლეგენდის საფუძველზე შექმნილი  „ნამე“    ზაზა ხალვაშის   ფიქრია მომავალზე:  რა გველოდება  მაშინ,  როდესაც პროგრესის სახელით  ტექნოლოგიურ დივერსიას  ვუწყობთ   ბუნებას,  რომელმაც შეგვიფარა, შეგვმოსა და  დაგვაპურა.  დიდი ხელოვანი ყოველთვის გრძნობს დროს, ინტუიციით ჭვრეტს მომავალს, ზაზა ხალვაში გამოსავალს  ადამიანის  სიყვარულსა და რწმენაში ხედავს.  

სწორედ,  ამის შესახებ მოგვითხრობს რეჟისორი ბოლო ფილმში  „ლოტო“, რომელშიც ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობენ (2019). ეს არის  „შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე“, ფილმი-ნოსტალგია დაკარგულ, გაცრეცილ, ლაღ  ურთიერთობებზე, სიყვარულსა და  თანადგომაზე.   

ფილმის პრემიერა  2020 წლის მაისში იგეგმებოდა, ალბათ, დიდი ქართველი პოეტის, ფრიდონ ხალვაშისა და მისი ღირსეული მემკვიდრის, რეჟისორ ზაზა ხალვაშის დაბადების დღეს - 17 მაისს...

პრემიერა ალბათ შედგება, მაგრამ, სამწუხაროდ, ბატონი ზაზას გარეშე!

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829